რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნით NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება – კრემლი

ფრანგი სამხედროები, 2020 წლის 8 ოქტომბერი.  
Benoit Teisser/Reuters

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის სიტყვებს, რომ განიხილავენ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. სპიკერის თქმით, მსგავს შემთხვევაში NATO-სთან ომის დაწყება გარდაუვალი იქნება.

"ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა [NATO-სთან ომის] შესაძლებლობაზე, არამედ მის გარდაუვალობაზე. აი, ასე შევაფასებთ. და ასევე უნდა შეაფასონ ამ ქვეყნებმა და გაითვალისწინონ. უნდა დასვან შეკითხვა, შეესაბამება თუ არა ეს მათ, პირველ რიგში კი მოქალაქეების ინტერესებს." – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა უკრაინაში NATO-ს ქვეყნებიდან სამხედროების გაგზავნაზე საუბარს "ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ელემენტი" უწოდა, საფრანგეთის პრეზიდენტის სხვა სიტყვებზე კი აღნიშნა, რომ ამ შინაარსის განცხადებები მას ადრეც გაუკეთებია.

ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

კომენტარები