რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას არ გამორიცხავს

 Ludovic Marin via AFP/Getty Images

კიევის მხარდამჭერ სამიტზე, რომელსაც ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა.

"დღეს არ არსებობს შეთანხმება უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ... არაფერია გამორიცხული." - თქვა მაკრონმა.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს." - დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, რუსეთის დამარცხება ევროპის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას "ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ. ამის შესახებ ცნობა პირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა.

ამას გარდა, მაკრონმა თქვა, რომ ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გადასცემენ საშუალო და შორი მანძილის რაკეეტებს სიღრმისეული იერიშებისთვის, ასევე საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის საშუალებებსაც.

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, თუმცა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჯერ კიდევ უარს ამბობს კიევისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე.

 

კომენტარები