ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: რუსეთს ჟენევის მოლაპარაკების ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში გადატანა სურს

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიას თქმით, მოსკოვს ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქალაქში, კერძოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში გადატანა სურს. 

"დღეს, რუსულმა მხარემ მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა, კერძოდ, ჟენევის მოლაპარაკებების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის შესახებ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჟენევა არათანაბარ პირობებს უქმნის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს". – თქვა არძინბამ. 

ბჟანიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე მასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვრმა ისაუბრა. 

"ლავროვთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ დიდწილად ამოწურა თავი. შესაბამისად, მან იკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა აფხაზური მხარე, რომ გაგრძელდეს სამუშაო უფრო შესაფერისი ადგილის მოსაძებნად. საუბარი იყო ბელარუსის დედაქალაქ მინსკზე, ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, კერძოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ნეიტრალურ სახელმწიფოებზე. ამის განხილვა შეიძლება. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შესაძლოა, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს." – ამბობს ბჟანია. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი 2023 წლის 13 ივლისს გაიმართა. 

 

კომენტარები