არასრულწლოვანზე ძალადობა

მშობლის თქმით, 6 წლის შვილზე კლასელები ფიზიკურად ძალადობდნენ - დაწყებულია გამოძიება

UNICEF

მშობლის მტკიცებით, ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მის 6 წლის შვილზე თანაკლასელებმა ფიზიკურად იძალადეს. სკოლაში ამ ფაქტს უარყოფენ, ამბავს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

მედიების ცნობით, ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი აქამდეც არაერთხელ გამხდარა ძალადობისა და ბულინგის მსხვერპლი, თუმცა სკოლას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. მისი ინფორმაციით, უკანასკნელი შემთხვევა 9 თებერვალს მოხდა, როდესაც ბავშვი სახლში ჩალურჯებებით მივიდა, რის შემდეგაც მშობელი სამართლადამცავებს დაუკავშირდა. 

 "გუშინ ვიყავი საგამოძიებო უწყებაში და გაირკვა ძალიან ბევრი ახალი გარემოება, ბავშვის დედის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან არის დამახინჯებული".- ამბობენ სკოლის დირექციაში.

თუმცა, მათივე თქმით, სკოლაში იყო კონფლიქტები, რის გამოც, ბავშვთან სამუშაოდ ფსიქოლოგი მოიწვიეს და მშობელს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანაც ურჩიეს. 

“აქ არავითარი ბულინგის მაგვარი არ მომხდარა, ბავშვები თამაშობდნენ და ამან გამოიწვია რაღაც აჟიოტაჟი იმიტომ, რომ ერთ-ერთის მშობელი გაღიზიანდა. რა ვქნა მე, ახლა ყველას ერთნაირად ვერ მოვთხოვ და ყველა ერთნაირი ვერ იქნება... ბავშვს აქ ჩემთან დაზიანება არ ჰქონდა… ინტერესი ის აქვს, რომ მშობელი გაღიზიანდა რაღაცაზე, გაღიზიანდა საუბარზე, პირად საუბარში გაღიზიანდა ვიღაცაზე და დაგვემუქრა კიდეც, რომ მე თქვენ ავტორიზაციას დაგაკარგვინებთო და წავიდა". - ამბობენ სკოლის დირექციაში. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა.

"ჩარიცხვის დღიდან ამ ბავშვზე, მე პირადად მესმის, რომ ბავშვი არის ცოტა არაადეკვატური... არაადეკვატური როგორ ახლა, დასტრესილი, პოლიტიკურმა გარემომ იმოქმედა, ჩამოიყვანეს ბავშვი ერთი ქვეყნიდან მეორეში". - თქვა სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება სწორედ ბავშვის დედის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები