კრიმინალი

"ამოღებულია კოკაინი, მდმა, მეტამფეტამინი, მეთადონი" – შსს-მ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს 1995 წელს დაბადებული პ.კ. ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებული ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.

სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის "კოკაინი", "მდმა", "მეტამფეტამინი", "მეთადონი" და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.

ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები