რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: ირანმა რუსეთს 400-მდე ბალისტიკური რაკეტა გადასცა

ირანის ბალისტიკური რაკეტები, 2019 წელი

მედიასააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა რუსეთს 400-მდე ბალისტიკური რაკეტა გადასცა. ამის შესახებ მედიასთან ექვსმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა.

როგორც Rueters-ი წერს, მათთან სამმა ირანულმა წყარომ თქვა, რომ რუსეთისთვის გადაცემულია 400-მდე ბალისტიკური რაკეტა, რომელთა შორის არის ფათეჰ-110-ის ოჯახის მოკლე მანძლის საბრძოლო მასალები, როგორიცაა ზოლფაღარი. ექსპერტების თქმით, ამ რაკეტას იერიშის მიტანა 300-700 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეებზე შეუძლია.

მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს ირანის თავდაცვის სამინისტროსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. პასუხი მათთვის არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუცია.

როგორც Reuters-ი წერს, მათთან ერთმა ირანულმა წყარომ თქვა, რომ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება დაიწყო იანვრის პირველ დღეებში, მას შემდეგ, რაც თეირანსა და მოსკოვში წინა თვეებში მიმდინარე შეხვედრები დასრულდა და შეთანხმებამდე მივიდნენ.

მედიის ცნობით, ირანის სამხედრო წარმომადგენელმა, რომელსაც სურს, რომ მისი იდენტობა ანონიმური დარჩეს, თქვა, რომ გადაზიდულია რაკეტების, სულ მცირე, ოთხი პარტია და მომდევნო კვირებში ეს პროცესი გაგრძელდება. მან დამატებითი დეტალების გამხელაზე უარი თქვა. თუმცა მედიასთან კიდევ ერთმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ზოგიერთი რაკეტა რუსეთში კასპიის ზღვის გავლით, გემებით გაგზავნეს, ზოგი კი თვითმფრინავებით.

"იქნება მეტი გადაზიდვები. არ არსებობს დამალვის მიზეზი. გვაქვს უფლება ვისაც გვსურს, იმ ქვეყანას გავუგზავნოთ იარაღი." – თქვა ანონიმურმა წყარომ.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციებს, რომლებიც ირანის რაკეტების ექსპორტს კრძალავდა, ვადა ოქტომბერში გაუვიდა. თუმცა თეირანს სანქციები არ მოხსნეს აშშ-მ და ევროკავშირმა, რომლებსაც ეშინიათ, რომ ირანი შეიარაღებას ახლო აღმოსავლეთში მოქმედ მარიონეტულ ჯგუფებსა და რუსეთს მიაწოდებს.

იანვარში აშშ-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი, ჯონ კირბი ამბობდა როგორ აშფოთებდათ ფაქტი, რომ რუსეთი ირანისგან მოკლე მანძილის რაკეტების მიღებას უახლოვდებოდა, ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული რაკეტების გარდა.

Reuters-თან აშშ-ს მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ აქვთ სამხილები, როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით არ გააჩნიათ მტკიცებულება, რომ იარაღის მიწოდება დაიწყო.

აქამდე რუსეთი უკრაინის ქალაქებზე იერიშების მისატანად იყენებდა ირანის მიერ წარმოებულ შაჰედის ტიპის დრონებს, რომლებიც რუსეთის არმიაში გერანის სახელითაა კლასიფიცირებული.

 

კომენტარები