რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში საბრძოლო მასალების ერთობლივ საწარმოს გახსნის

Rheinmetall / X

გერმანულმა სამხედრო კომპანიამ Rheinmetall-მა შაბათს, 17 თებერვალს, განაცხადა, რომ უკრაინელ პარტნიორებთან ერთად უკრაინაში საბრძოლო მასალების ერთობლივ საწარმოს გახსნის.

გერმანულმა კომპანიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრთან ალექსანდრ კამიშინთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა უკრაინელ პარტნიორთან ერთად, რომლის ვინაობაც არ სახელდება, საბრძოლო მასალების საწარმო ააშენოს და მართოს.

Rheinmetall-ის თქმით, გეგმის ფარგლებში, უკრაინა წელიწადში ექვსნიშნა რიცხვის რაოდენობის 155-მმ-იანი კალიბრის ტყვიის წარმოებას შეძლებს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება წარმოება ან სად აშენდება საწარმო.

შეთანხმების მიხედვით, Rheinmetall-ის მფლობელობაში საწარმოს 51% იქნება, ხოლო დანარჩენი 49%-იანი წილი უკრაინელ პარტნიორს ერგება.

გერმანული სამხედრო კომპანია უკრაინასთან მსგავს ერთობლივ პროექტში უკვე ჩართულია, რომლის ფარგლებშიც Rheinmetall-ი უკრაინას დასავლური შეიარაღების შეკეთებასა და გამართვაში ეხმარება.

ამასთანავე, Rheinmetall-ი მიმდინარე წელს უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორების წარმოების დაწყებას გეგმავს.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გერმანულ პრესასთან გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე კომპანია უკრაინაში წარმოების დაწყების შესახებ ინიციატივას წარადგენს, რათა შემცირდეს ომში უკრაინის დამოკიდებულება დასავლეთის სამხედრო პოტენციალზე.

კომენტარები