ე.წ. ქურდული სამყარო

ბაბუცა, მაჩიტა – ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 6 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შიდა ქართლში 6 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“). ხოლო ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვისთვის კი 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული გ.ი. მიეცნენ პასუხისგებაში.

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთად დასაქმებულ ბრალდებულებს - ლ.ლ.-სა და გ.ი.-ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულებმა, კონფლიქტის მოგვარება ე.წ. ქურდული სამყაროს წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგაც ბრალდებულებს შორის ე.წ. ქურდული გარჩევა მოეწყო". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს- განცხადებით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები