იაპონიამ ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 2023 წლის IV კვარტალში ეკონომიკის მოცულობა კიდევ ერთხელ შემცირდა.
ბოლო კვარტალში ეკონომიკა გამოთვლილი წლიური მაჩვენებლით 0.4%-ით შემცირდა, რითაც არ გამართლდა Reuters-ის პროგნოზი, რომ ამ კვარტალში მთლიანი მშპ 1.4%-ით გაიზრდებოდა. ამასთანავე, III კვარტალში ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდა. ხოლო ზედიზედ ორ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის შემცირება რეცესიაში შესვლად არის განმარტებული.
"შიდა მოთხოვნისა და მშპ-ს ზედიზედ ორჯერ შემცირება ცუდი ამბავია, მაშინაც კი, თუკი გადახედვის შემდეგ საბოლოო ციფრები შეიცვლება". - ამბობს Moody's Analytics-ის უფროსი ეკონომისტი სტეფან ანგრიკი.
ზოგადად, 2023 წლის განმავლობაში იაპონიის ნომინალური მშპ 5.7%-ით გაიზარდა და 591.48 ტრილიონი იენი, ანუ $4.2 ტრილიონი, შეადგინა. თუმცა, წინა წლის ბოლო ორ კვარტალში ეკონომიკის მოცულობის ზედიზედ შემცირებით და 2024 წელს აღნიშნული ტრენდის გაგრძელების პროგნოზით, ქვეყანა იაპონია რეცესიაში ფორმალურად შევიდა.