დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანმა სომხეთს 19-20 სექტემბერს ყარაბაღში დაღუპული 173 სამხედროს ცხედარი გადასცა

Reuters

აზერბაიჯანმა სომხეთს 19-20 სექტემბერს ყარაბაღში დაღუპული 173 სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისია ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მიესალმებიან სომხური მხარის განცხადებას მათი "მზაობის შესახებ, ითანამშრომლონ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის საკითხებში". 

გარდა ამისა, როგორც აზერბაიჯანული მხარე აღნიშნავს, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთში 1713 ცხედარი გადაასვენეს, 2022 წლის 12-14 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ კი - 157.

აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 3 890 აზერბაიჯანის მოქალაქე ყარაბაღის პირველ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა რეგისტრირებული, ხოლო 2024 წლის იანვრის მდგომარეობით მათგან მხოლოდ 25-ის ნეშტია იდენტიფიცირებული.

ამავდროულად, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისია საჭიროდ მიიჩნევს აზერბაიჯანის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების სამარხების ძიების პროცესში, ჩაერთონ "საველე მეთაურები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სომხეთის სამხედრო ოპერაციებს 1994 წლამდე და სხვა უფლებამოსილი პირები, რომლებსაც აქვთ საკმარისი ინფორმაცია საფლავების ადგილმდებარეობის შესახებ".

"სახელმწიფო კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან ორივე მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის უზრუნველყოფის საკითხებში, სიზუსტის, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ურთიერთნდობის ატმოსფეროში". - ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიის განცხადებაში.

2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო "ანტიტერორისტული ოპერაცია" ყარაბაღის ეთნიკურად სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე, რაც დასრულდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების კაპიტულაციით. 28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ. რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლის შესახებ, ამის შემდეგ კი ათიათასობით ადამიანმა დატოვა ყარაბაღი და სომხეთში გადავიდა.

კომენტარები