ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰალევი: ისრაელის ჯარი რაფაში შესვლამდე მოსახლეობის ევაკუაციაზე იმუშავებს

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჰერცი ჰალევი, 28 ნოემბერი, 2023
David Cohen/Flash90

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელის არმია რაფაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე იმუშავებს.

"ჩვენ ვიცით, რომ უფრო რთულია ისეთ გარემოში ბრძოლა, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი და კიდევ 10 000 ჰამასის წევრია". - თქვა ჰალევიმ.

მისი თქმით, იგი მადლობელია, რომ ქვეყნები ისრაელს აღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევენ, მაგრამ ჰალევის მიხედვით, IDF-მა აჩვენა, რომ მსგავს რთულ გარემოში მტრის ძალების მიზანში ამოღების უნარი აქვს.

"მე აქ ვამბობ, რომ რაფას მოსახლეობას ტერიტორიის ევაკუაციის საშუალება მიეცემა. არ არის გამართლებული მოქალაქეებისთვის, მოსახლეობისთვის და ოჯახებისთვის, რომ ბრძოლის ადგილზე იყვნენ. როდის მოხდება? სად მოხდება? ამას როცა დრო მოვა მაშინ გადავწყვეტთ". - განაცხადა ჰალევიმ.

 ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში, სადაც ახლო მომავალში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებენ, საბრძოლო მოქმედებები 1 თვეში, მუსლიმთა წმინდა თვე რამადანამდე უნდა დაასრულონ.

ცნობების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ ნეთანიაჰუს შეატყობინა, რომ არმია მოქმედებებისთვის მზადაა, თუმცა მთავრობამ ჯერ უნდა გადაწყვიტოს რა ბედი ელით პალესტინელებს, რომლებიც ამჟამად აქ ცხოვრობენ. ამას გარდა, ჰალევის სჭირდება მითითება, თუ როგორ იმოქმედებენ ეგვიპტის საზღვართან, რადგან რაფა სასაზღვრო რეგიონია.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რაფაში ოპერაციის ჩატარება აუცილებელია, თუმცა აქამდე მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას მისცემენ. ამისთვის, ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს დაავალა, ომის კაბინეტს სახმელეთო ოპერაციისა და ევაკუაციის გეგმა წარუდგინონ.

11 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერს მოუწოდა, რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის სანდო გეგმის არსებობის გარეშე, სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს. ბაიდენის თქმით, რაფაში სამხედრო ოპერაცია ვერ დაიწყება, თუკი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სანდო და შესრულებადი გეგმა არ იარსებებს. ხოლო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა თქვა, რომ ისრაელი უნდა გაჩერდეს და დაფიქრდეს, სანამ რაფაში სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს.

კომენტარები