შშმ პირზე ძალადობა

POG: შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებისთვის ბრალდებულის 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა.

კომენტარები