ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ცნობების მიხედვით, ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ რაფაში ოპერაცია ერთ თვეში უნდა დაასრულონ

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჰერცი ჰალევი, 2023 წლის 16 ნოემბერი
Haim Zach/GPO

ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში, სადაც ახლო მომავალში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებენ, საბრძოლო მოქმედებები 1 თვეში, მუსლიმთა წმინდა თვე რამადანამდე უნდა დაასრულონ.

ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტს უთხრა, რომ ოპერაცია რამადანამდე უნდა დასრულდეს. რამადანი 10 მარტს იწყება.

რაფას ამჟამად თავს აფარებს ღაზის სექტორის 2.3 მილიომი მოსახლის ნახევარზე მეტი.

ცნობების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ ნეთანიაჰუს შეატყობინა, რომ არმია მოქმედებებისთვის მზადაა, თუმცა მთავრობამ ჯერ უნდა გადაწყვიტოს რა ბედი ელით პალესტინელებს, რომლებიც ამჟამად აქ ცხოვრობენ.

ამას გარდა, ჰალევის სჭირდება მითითება, თუ როგორ იმოქმედებენ ეგვიპტის საზღვართან, რადგან რაფა სასაზღვრო რეგიონია.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რაფაში ოპერაციის ჩატარება აუცილებელია, თუმცა აქამდე მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას მისცემენ. 

განცხადების მიხედვით, ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს დაავალა, რომ ომის კაბინეტს წარუდგინონ სახმელეთო ოპერაციისა და ევაკუაციის გეგმა.

პარალელურად აშშ ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაზე იერიშს, შეიძლება, "კატასტროფა" მოჰყვეს. ამის მიუხედავად, ისრაელის საჰაერო დარტყმები ქალაქზე გრძელდება და უფრო ინტენსიური ხდება.

10 თებერვლის საჰაერო დარტყმას რაფაში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურ შინ ბეთში ამბობენ, რომ მოკლეს ჰამასის მაღალჩინოსანი და ორი წევრი.

კომენტარები