ავტოსაგზაო შემთხვევა

POG: შსს-ს თანამშრომელი დავაკავეთ, რომელიც მანქანით ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

shutterstock

პროკურატურამ დუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის დაღუპვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მანქანით დაჯახების შემდეგ, ფეხით მოსიარულე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შსს-ს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ მანქანას მართავდა, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია, ავტომობილის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო და ქვეითს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით დაიღუპა. აღნიშნულის შემდგომ, მანქანის მძღოლმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს ბრალდება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინება.

კომენტარები