რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უკრაინაში ომზე: ჯერჯერობით ჩვენი მიზნებისთვის არ მიგვიღწევია

ვლადიმირ პუტინი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვს უკრაინაში მიმდინარე ომში საკუთარი მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია.

პუტინმა ამის ასახსნელად თქვა, რომ ერთ-ერთი დასახული მიზანი ე.წ. "დენაციფიკაცია" იყო.

"არა, ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი მიზნებისთვის არ მიგვიღწევია, რადგან ერთ-ერთი მიზანი იყო დენაციფიკაცია. იგულისხმება ყველანაირი ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვა. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც სტამბოლში გასული წლის დასაწყისში განვიხილავდით". – თქვა პუტინმა.

კრემლის პროპაგანდა ხშირად ცდილობს შექმნას სურათი, თითქოს ისინი უკრაინაში ნაცისტებს ებრძვიან.

პუტინის პასუხიდან გაურკვეველი რჩება, მხოლოდ "დენაციფიკაცია" რატომ არის პრობლემური, რადგან მას დასახული ჰქონდა კიდევ ორი მიზანი, რომლებიც ასევე არ შესრულებულა. ესენია უკრაინის დემილიტარიზაცია და ნეიტრალიტეტი. 

მიზნები წარსულში ომის მხარდამჭერმა პირებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ვინც უკმაყოფილება ხმამაღლა გააჟღერა, იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის წევრი კონსტანტინ ზატულინი. ის ამბობდა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ გამოცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია და მეტიც, ზოგიერთმა მიზანმა უკვე აზრი დაკარგა.

ტაკერ კარლსონის ინტერვიუს აქტიურად არეკლამებდნენ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული არხები და მედიასააგენტოები. FOX News-ის ყოფილმა წამყვანმა პუტინს არ დაუსვა კრიტიკული კითხვები. საუბრის დროს არ უხსნებიათ კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება, ან უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები.

 

კომენტარები