დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანი აშშ-ს აფრთხილებს, 2 ირანულ, სავარაუდოდ, სადაზვერვო გემზე იერიში არ მიიტანოს

ირანული გემი Behshad
სოციალური მედია/X

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მხრიდან პროირანული დაჯგუფებების ობიექტებზე მიტანილი იერიშების ფონზე, ირანის არმიამ დღეს, 4 თებერვალს, ამერიკა გააფრთხილა, რომ მათ ორ სატვირთო გემზე იერიში არ მიიტანოს.

განცხადებაში საუბარია Behshad-ისა და Saviz-ის ხომალდებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რეგიონში ირანის სადესანტო-დივერსიულ რაზმებს მოქმედებებში დახმარებას უწევენ. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ აღნიშნული გემები იემენში ჰუსიტების ტერორისტულ დაჯგუფებას, სავაჭრო გემებზე თავდასხმების ხელშეწყობის მიზნით, სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიან.

გავრცელებულ ვიდეოში, ორი ირანული გემი "მცურავ იარაღის საწყობებად" არის დახასიათებული. ირანის არმიის თქმით, ამ გემების მისია წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მეკობრეობისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

"ისინი, ვინც Behshad-ისა და მსგავსი გემების წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებში არიან ჩართული, საერთაშორისო საზღვაო გზებსა და უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებენ, და მომავალში პოტენციურ საერთაშორისო რისკზე გლობალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ". - ნათქვამია ირანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მ ერაყში, სირიასა და იემენში პროირანული დაჯგუფებების ობიექტებზე იერიშები მიიტანა, რაც იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს სიკვდილზე პასუხი იყო. საჰაერო იერიშების კამპანიის ფარგლებში, აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისა და თავად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 85-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში.

ხოლო 2 თებერვალს იემენში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა იერიშები მიიტანა იემენელი ჰუსიტების დრონებზე, რომლებიც გასაშვებად იყო გამზადებული. აშშ-მ იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სამიზნეები დაადგინა, რის შემდეგაც წითელი ზღვის თავზე კიდევ 7 დრონი ჩამოაგდო.

აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენელ ჰუსიტებზე ერთობლივი იერიში დღესაც მიიტანეს. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით, საჰაერო დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო და მასში მონაწილეობა ხომალდებმა და ავიაგამანადგურებლებმა მიიღეს. შედეგად, განადგურდა ჰუსიტების ექვსი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც გასაშვებად იყო მზად.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. 

კომენტარები