ე. წ. ქოლ-ცენტრების საქმე

ე. წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა

პროკურატურის ცნობით, 3 თებერვალს თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას. 

"ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად ეუფლებოდნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ თანხებს. 

"აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.

გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობითვე, ანალოგიურ დანაშაულებზე, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ, 2021-2024 წლების პერიოდში, დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.

"ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე 1 თებერვალს ჩაატარა. 

კომენტარები