დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

იორდანია უარყოფს, რომ ერაყს აშშ-სთან ერთად დაარტყა, ერაყში ნავთობმიწოდების შეჩერება სურთ

იორდანიის F-16-ები
Royal Jordanian Air Force

იორდანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ მათი საჰაერო ძალები მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს მიერ ერაყში მიტანილ იერიშებში.

იორდანიის შეიარაღებულ ძალებში ამ ინფორმაციას უსაფუძვლო უწოდეს და აღნიშნეს, რომ პატივს სცემენ ერაყის სუვერენიტეტს. 

იორდანიის გენშტაბმა ხალხს მოუწოდა, რომ უგულებელყონ "ჭორები, რომლებიც სოციალურ მედიაში ვრცელდება" და დაელოდონ ოფიციალური უწყებების განცხადებებს.

იორდანიის მიერ ცნობების უარყოფის მიუხედავად, ერაყის პარლამენტში სურთ, რომ მეზობელ ქვეყანაში ნავთობის ექსპორტი შეწყვიტონ. პარლამენტარი მუსტაფა ჯაბარ სანადი ამ გადაწყვეტილებისთვის ხელმოწერებს აგროვებს.

"მე მოვაგროვე პარლამენტარების ხელმოწერები, რათა გამოვცეთ საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ნავთობის სამინისტროს მოსთხოვს იორდანიისთვის სუბსიდირებული ნავთობის მიყიდვა შეაჩეროს". – თქვა სანადმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ერაყის პარლამენტში ითხოვენ, რომ იორდანიას ნავთობის მიწოდება შეუწყვიტონ. აქამდე პარლამენტის ნავთობისა და გაზის კომიტეტის წევრი, ზეინაბ ალ-მუსავი ირწმუნებოდა, რომ მეზობელ ქვეყანას ერაყის მიმართ მტრული დამოკიდებულება ჰქონდა. ის ამ დამოკიდებულებას ხსნიდა იორდანიის მხრიდან ალ-ჰაშედ ალ-შააბის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით. ალ-შაჰედ ალ-შააბი, ანუ სახალხო მობილიზაციის ძალები, არის ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობა.

ერაყული ნავთობკომპანიის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ოქტომბერში იორდანიაში ექსპორტირებული 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 75.5 დოლარი იყო.

გასულ დღეს აშშ-მ ერაყსა და სირიაში იერიშები მიიტანა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ობიექტებზე. ეს იყო პასუხი იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს სიკვდილზე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ-ს იერიშების შედეგად დაიღუპა დაჯგუფებების 39 წევრი.

იერიშების მისატანად აშშ-მ გამოიყენა სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის შორი მანძილის ბომბდამშენები, რომლებიც ამერიკის ტერიტორიიდან აფრინდნენ. იერიშები შესრულდა 125-ზე მეტი მაღალი სიზუსტი საბრძოლო მასალით, სამიზნეების რაოდენობა კი 85-ს აღემატებოდა.

ერაყის არმიის სპიკერმა, იაჰია რასულმა აშშ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. თუმცა აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ერაყის მთავრობა იერიშების მიტანამდე გააფრთხილეს.


28 იანვარს თავს დაესხნენ იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტ Tower 22-ს. შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ვარაუდობდნენ, რომ აშშ-მ მოწინააღმდეგის დრონი იმიტომ არ ჩამოაგდო, რომ ის მიიჩნიეს საკუთარ უპილოტო საფრენ აპარატად, რომელიც მისიიდან ბრუნდებოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო პირობა, რომ თავდასხმაში მონაწილეები პასუხს აგებდნენ. აშშ თავდასხმაში პროირანულ დაჯგუფებებსა და ირანს ადანაშაულებდა. თეირანმა ბრალდება უარყო. 

Tower 22-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ერაყში მოქმედმა ისლამურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, მათ შორის კათაიბ ჰეზბოლასა და ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბას აერთიანებს. 31 იანვარს კათაიბ ჰეზბოლაში აცხადებდნენ, რომ აშშ-ს ობიექტებზე დარტყმებს წყვეტდნენ.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. 

24 იანვარს აშშ-მ საპასუხო იერიში მიიტანა  ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფება კათაიბ ჰეზბოლასა და სხვა პროირანული ძალების სამიზნეებზე. აქამდე, 20 იანვარს ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ამერიკულ ბაზაზე თავდასასხმელად ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

 

კომენტარები