რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლგოგრადში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო 

რუსეთში, ვოლგოგრადში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

ვოლგოგრადის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტები 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიწვა. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ხანძრის მიზეზი ჩამოგდებული თვითმფრინავის ფრაგმენტები გახდა.

"ხანძარი ლოკალიზებულია და ღია ცეცხლი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის". - თქვა ბოჩაროვმა.

ვოლგოგრადის ქარხანა ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა რუსეთში, სადაც აწარმოებენ ბენზინს, დიზელს, საავიაციო და გემების საწვავს.

3 თებერვალს ღამით რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს თვითმფრინავები ვორონეჟის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქის თავზე, ორი ვოლგოგრადის და ერთი როსტოვის ოლქის თავზე. უწყებაში არ საუბრობენ ვორონეჟში განადგურებული დრონის შესახებ. რუსმა სამხედროებმა თავდასხმას "ტერორისტული" უწოდეს და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულეს. კიევს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები