სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე: თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას წარადგენენ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პოსტის დატოვება და პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება თავად მოისურვა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტია ქართული ოცნების მე-8 ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. 

"როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებით და, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში - თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა". - თქვა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დამატებით საკადრო ცვლილებები მინისტრთა აპარატში არ მოხდება. 

"უამრავი სპეკულაცია იყო, თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იყო სრული აბსურდი, ერთკვირიანი უსაფუძვლო ისტერიკა". - თქვა მან.  

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს მაქსიმუმ ხვალ წარედგინება, "როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს".

ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება კი პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაში იგეგმება.

დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებდა და პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე "გუნდთან ერთად" იმსჯელა.

კომენტარები