ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

შვედეთში ისრაელის საელჩოსთან ნაპოვნი ფეთქებადი მოწყობილობა პოლიციამ გაანადგურა

ისრაელისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად შვედეთის ისრაელის საელჩოსთან ვარდები მიიტანეს, 11 ოქტომბერი, 2023
EPA PHOTO

1-ელ თებერვალს სტოკჰოლმში ისრაელის საელჩოს მიმდებარედ ფეთქებადი მოწყობილობა იპოვეს, რომელიც შვედეთის გამნაღმველმა ჯგუფმა გაანადგურა. შვედეთში ისრაელის ელჩმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმის მცდელობა" უწოდა.

პოლიციის თქმით, მოწყობილობის შესახებ შეტყობინება საელჩოს პერსონალისგან მიიღეს, რასაც სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

როგორც პოლიციის წარმომადგენელმა სამაუწყებლო კომპანია TV4-თან განაცხადა, მოგვიანებით მოწყობილობა კონტროლირებად რეჟიმში ააფეთქეს.

ყოველდღიურმა გამოცემამ Aftonbladet-მა, უცნობ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საელჩოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთი ხელყუმბარა იყო, რომელიც ხელით ისროლეს.

"სწრაფი რეაგირებისთვის ხელისუფლებას მადლობას ვუხდით. ჩვენ ტერორი ვერ შეგვაშინებს". - განაცხადა შვედეთში ისრაელის ელჩმა ზივ კულმანმა.

კომენტარები