საქართველოს პროკურატურა

წაართვეს პასპორტი, მუდმივად ძალადობდნენ – ტრეფიკინგისთვის 2 პირი დამნაშავედ ცნეს

პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებაში წერია, რომ 2023 წლის აპრილში ბრალდებულებმა დაზარალებული ვითომდა სამუშაოდ, მოტყუებით გადაიყვანეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც გადასცეს პირს, რომელთანაც სოლიდური ფინანსური ვალდებულება გააჩნდათ.

"დაზარალებული საზღვარგარეთ მონობის თანამედროვე პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილება და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, აკონტროლებდნენ და მასზე მუდმივად ძალადობდნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "გ" და "ე" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით) წარედგინათ". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

კომენტარები