სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან, სამხედრო პორტიდან, რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაისროლა.
კომიტეტს რაკეტების ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. მათი თქმით, რაკეტები ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე ისროლეს და მათ ამჟამად სამხრეთ კორეელი და ამერიკელი დაზვერვის წარმომადგენლები იკვლევენ.
"დაზვერვისა და სიფრთხილის გაძლიერებასთან ერთად ჩვენი სამხედროები აშშ-სთან ახლოს თანამშრომლობენ და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ახალი ნიშნებსა და აქტივობებს მეთვალყურეობენ". - დაწერა კომიტეტმა განცხადებაში.
2024 წელს ჩრდილოეთ კორეამ იარაღის დემონსტრირება უკვე მესამედ მოაწყო.
მანამდე, 24 იანვარს, პირველი ფრთოსანი რაკეტა გამოცადა, რომელსაც ბირთვული შესაძლებლობები აქვს. KCNA-ს თქმით, გამოცდილი რაკეტა Pulhwasal-3-31 ჯერჯერობით განვითარების ფაზაშია და მისი გამოცდა მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ამასთან, 14 იანვარს, ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ზღვისკენ გაისროლა. რაკეტამ 1000 კილომეტრი იფრინა და ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარედ ჩამოვარდა. ჩრდილოეთ კორეის თქმით, ეს მყარი საწვავის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა.
ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეის ქმედებებმა რეგიონში არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება განაპირობა. 2023 წლის ბოლოს ჩრდ. კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 15 000 კილომეტრის რადიუსის მქონე იყო. ხოლო იანვრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ ორი დღის განმავლობაში საზღვართან 260-მდე ჭურვი ისროლა, რის საპასუხოდაც სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს.
-
"არ ვაპირებთ ომის არიდებას" – კიმს კონსტიტუციაში მთავარ მტრად სამხრეთ კორეის ჩაწერა სურს
-
ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთთან შერიგების სიმბოლოდ დადგმული ძეგლი აიღეს – მედია
13 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებას, სამხრეთ კორეის მხრიდან "ჯოჯოხეთური განადგურება" მოჰყვება.