დონალდ ტრამპი

ჯინ ქეროლის საქმეზე ტრამპს ცილისწამების გამო 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

დონალდ ტრამპი/ელიზაბეთ ჯინ ქეროლი

ქალაქ ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სამოქალაქო საქმეზე აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ცილისწამების გამო 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. საქმე ეხებოდა ქეროლის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტობის პერიოდში, 2019 წელს გაკეთებულ კომენტარებს.

გადასახდელი თანხიდან $18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციისთვისაა განკუთვნილი, ხოლო $65 მილიონი საჯარიმო ზარალს წარმოადგენს და განსაზღვრულია ტრამპის მიერ ქეროლის წინააღმდეგ გამოსვლების პრევენციისთვის.

"ეს არის დიდი გამარჯვება ყველა ქალისთვის, რომელიც წააქციეს და ფეხზე დგება და დიდი მარცხია ყველა მოძალადისთვის, ვინც ქალის შეკავებას ცდილობდა". - თქვა ქეროლმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

7 კაცისა და 2 ქალისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გადაწყვეტილებამდე სამ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში მსჯელობის შედეგად მივიდა.

ტრამპმა პირობა დადო, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და განაჩენს "სრული სისულელე" უწოდა. ის უარყოფს, რომ ქალს იცნობს, ან ოდესმე შეხვედრია მას.

"ჩვენი მართლმსაჯულება კონტროლს არ ექვემდებარება და პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. მათ მოსპეს პირველი შესწორების ყველა უფლება. ეს ამერიკა არ არის!" - დაწერა ტრამპმა.

მანამდე, გასული წლის 9 მაისს, სასამართლომ დონალდ ტრამპი ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა. მაშინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამერიკელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლმა დონალდ ტრამპს 30 წლის წინ გაუპატიურების გამო უჩივლა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე გაუპატიურებისა და ცილისწამების პროცესზე მიცემულ ჩვენებაში მან თქვა, რომ საქმე საკუთარი ცხოვრების დასაბრუნებლად წამოიწყო.

კომენტარები