არასამთავრობო ორგანიზაციები

NGO-ები: ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით მტრის ხატის შექმნას ცდილობს

18 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თავს ესხმის, ცდილობს შექმნას "მტის ხატი" და ანტიდასავლურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

NGO-ების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი მთავრობის მხრიდან მორიგი თავდასხმის ტალღის ობიექტები გახდნენ, აღნიშნული ქმედება კი წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს. ამჯერად თავდასხმის ობიექტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გახდნენ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე და ინფლაცია ქართული ოცნების მრავალწლიანი მმართველობის პირობებში მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემებად რჩება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს ნეგატიური ანტიდასავლური საარჩევნო კამპანია აწარმოოს და საკუთარი ამომრჩეველი შემოიკრიბოს ქვეყნის "მტრების" წინააღმდეგ ბრძოლის ცრუ რიტორიკით.

აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ ნარატივს და "მტრის ხატის" შექმნის მიზანს ემსახურება. სამწუხაროდ, ეს არ არის მმართველი პარტიის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა ხელისუფლებამ გამოიყენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც. 2023 წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამ“ უშედეგოდ სცადა რუსული კანონის მიღებით, უცხოეთის აგენტის იარლიყით მოენიშნა საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება, კონკრეტული ადამიანებისა ან ორგანიზაციების პოლიტიკური დევნა, მათ წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის წარმოება და საკუთარი ამომრჩევლების დარაზმვის მცდელობა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ "ქართული ოცნება" სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე ვიწრო პარტიული მიზნების მიღწევას ცდილობს. მტრული რიტორიკა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებს, გადაიდგას ნაბიჯები პოლარიზაციის დასრულებისკენ". - წერია განცხადებაში.

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს სიძულვილის კამპანია მათ მიმართ და უარი თქვას წინასაარჩევნოდ პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილს გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, მინდიაშვილი ეკლესიას აქტიურად ესხმის თავს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია USAID ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსების გამო გააკრიტიკა. 

კომენტარები