რუსული კანონი

HRC: 7-9 მარტის აქციებზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, სპეცრაზმი წყლის ჭავლით არბევს. 2023 წლის 7 მარტი.
AFP/ზურაბ ცერცვაძე

არასამთავრობო ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ. 

HRC-ის შეფასებით, 7-9 მარტის აქციებზე გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევა, პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მომიტინგეთა მიმართ და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.

"7 მარტის აქცია იმთავითვე იყო მშვიდობიანი. შესაბამისად, არ არსებობდა არც ერთი კანონისმიერი მიზანი, რათა გამართლებულიყო მომიტინგეთა დაშლა, ასეთ პირობებში, საერთაშორისო პრაქტიკა პირდაპირ კრძალავს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებას. ამასთან, პოლიციამ არ გაითვალისწინა აუცილებლობის მოთხოვნაც, რომ აქცია დაშლილიყო სპეციალური საშუალებებით. მართალია, 8 მარტს, ზოგიერთი აქციის მონაწილე იქცეოდა აგრესიულად და არღვევდა კანონს, მაგრამ "ცალკეული, იზოლირებული ძალადობის შემთხვევების გამოვლინება, მთლიან აქციას არ აქცევს ავტომატურად არამშვიდობიანად, რათა შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი ასეთი აქციის დასაშლელად". - წერია ანგარიშში.


2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები