რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთი მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს ქვეყანას ატოვებინებს

რუსეთის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ევგენი (ვალერი რეშეტნიკოვი) 
Priit Mürk/ERR

ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეშეტნიკოვს), ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ გაუხანგრძლივებენ. ამიტომ, მიტროპოლიტს ესტონეთის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს. 

"ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი თქვას მისთვის ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებაზე, რადგან რეშეტნიკოვი საკუთარ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, მხარს უჭერს აგრესორს და საკუთარი ქცევა, წარსული გაფრთხილებების მიუხედავად, არ შეუცვლია". - თქვა ინდრეკ არუმ, ჩრდილოეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს ხელმძღვანელმა.

ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს (PPA) მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს რეშეტნიკოვთან არაერთი შეხვედრა მოაწყვეს და ეუბნებოდნენ, რომ რუსეთის საომარი ქმედებები საზოგადოებრივ მოღვაწეობის ფარგლებში აღარ უნდა გაემართლებინა.

"ადრინდელი გაფრთხილებების მიუხედავად, რეშეტნიკოვს არ შეუცვლია რიტორიკა, რომელიც ესტონეთის ღირებულებებსა და სამართლებრივ სფეროსთან შეუსაბამოა. ამიტომ, გამოვაცხადეთ, რომ რეშეტნიკოვი სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს". - თქვა პრესსამსახურმა.

გადაწყვეტილების მიღებისას PPA-მ გაითვალისწინა რეშეტნიკოვის, როგორც ესტონეთში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის, მოღვაწეობა, მისი საჯარო გამოსვლები და განცხადებები და მათი გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ეს საქმე ასევე ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურმა განიხილა.

"უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა, კირილე თანმიდევრულად ამართლებს და მხარს უჭერს კრემლის რეჟიმის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სისხლიან აგრესიას. როგორც პატრიარქ კირილეს, ისევე მიტროპოლიტ ევგენის, მოღვაწეობამ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის პოლიტიკის გავრცელებასა და წახალისებაში როლი შეასრულა". - თქვა არუმ. 

არუმ დაამატა, რომ მიტროპოლიტ ევგენისთვის ბინადრობის ნებართვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მის ქცევას ეხება და უშუალოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ან მის მრევლთან არაფერ კავშირშია. 

ამ დროისთვის 4 წელია, რაც რეშეტნიკოვი ესტონეთში ბინადრობის დროებითი ნებართვით ცხოვრობს. ნებართვა მას ბოლოს 2 წლის წინ, რუსეთში ომის დაწყებამდე გაუხანგრძლივდა. 6 თებერვალს რეშეტნიკოვის ნებართვას ვადა გასდის და, ამიტომ, ამ ვადამდე ესტონეთის დატოვება მოუწევს. 

კომენტარები