ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ CPT–ს ანგარიშზე: სააკაშვილი ვივამედში ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილზე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. 

ენმ-ს თქმით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება კლინიკა ვივამედში, სწორედ პოლიტიკური პატიმრობითაა გამოწვეული, ხოლო კლინიკაში სიტუაცია, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნით, არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

"ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა ვივამედში ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია". - წერია ენმ-ს განცხადებაში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი ეს მდგომარეობა "გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულებით", შესაბამისად ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 

ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოში ვიზიტის შესახებ დღეს, 18 იანვარს, ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კლინიკა ვივამედის დაცულ პალატებში მყოფი პატიმრების მდგომარეობას განიხილავს. მათ შორისაა საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ანონიმურობის დაცვის მიზნით დოკუმენტში "Mr. C"-დ არის მოხსენიებული.

კომენტარები