მიხეილ სააკაშვილი

მის ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს - წამების პრევენციის კომიტეტი სააკაშვილზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კლინიკა ვივამედის დაცულ პალატებში მყოფი პატიმრების მდგომარეობას განიხილავს. 

განხილულ პატიმრებს შორის საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის, თუმცა ანონიმურობის მიზნით დოკუმენტში "Mr C"-დ არის მოხსენიებული. 

კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 2023 წლის 3 ივლისიდან 4 ივლისამდე ეწვია და 3 პატიმრის პალატა მოინახულა, რის შემდეგაც ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას 2 აგვისტოს გაუგზავნა. 

CPT-მა დაცულ პალატებში უსაფრთხოების ზომების არაპროპორციულობა გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი თერაპევტული გარემოს შექმნას ხელს უშლის. 

ანგარიშის მიხედვით, სააკაშვილის პალატაში CCTV კამერების განთავსებით მისი პირადი სივრცე დაირღვა და მის ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც CPT წერს, კამერები განთავსებულია სააკაშვილის პალატის ყველა ოთახში, გარდა აბაზანისა და საპირფარეშოსი, მათ შორის საძინებელ ოთახშიც.

"ამ განლაგებამ არამხოლოდ დაარღვია პაციენტის პირადულობა, არამედ ასევე შეურაცხყოფა მიაყენა მის ადამიანურ ღირსებას". - წერია ანგარიშში.

კომიტეტის მიხედვით, კამერები განთავსებულია ყველა იმ ოთახშიც, სადაც სააკაშვილს სამედიცინო პროცედურები უტარდება, რაც მის სამედიცინო პირადულობას არღვევს. ამასთან, კომიტეტი აღნიშნავს, რომ პაციენტის თვალყურს არანაირი სამედიცინო დანიშნულება არ ჰქონია, კამერებზე წვდომა მხოლოდ ბადრაგებს აქვთ და სამედიცინო პერსონალს კამერების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

"შეჯამების სახით, უსაფრთხოების ზომები ვივამედის კლინიკის მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე გადაჭარბებულია და შეუსაბამოა თერაპევტულ გარემოსთან. განსაკუთრებით მე-5 სართულზე (რედ. - რომელზეც მიხეილ სააკაშვილია) მიღებული პროცედურები სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას უტოლდება, რაც პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის აუცილებელ ნდობას აზიანებს და მისი სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივას აკნინებს". - წერია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბადრაგებს პაციენტების სამედიცინო ინფორმაციაზე გადაჭარბებული წვდომა ჰქონდათ და თავად წყვეტდნენ, დასწრებოდნენ თუ არა სამედიცინო კონსულტაციებს. 

"სართულებს შორის გადაადგილება (პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის) ექიმების ავტორიზაციას უნდა ექვემდებარებოდეს. ამასთან, როგორც უკვე მე-18 აბზაცში არის აღნიშნული, არასამედიცინო პერსონალს არ უნდა ჰქონდეს წვდომა სამედიცინო ინფორმაციაზე (გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, რასაც ექიმები უნდა წყვეტდნენ). უნიფორმიანი და შეიარაღებული ბადრაგები უწყვეტად არ უნდა იყვნენ დაცულ პალატებში". - წერია ანგარიშში. 

გარდა ამისა, CPT-მა სააკაშვილის პირობები "სამარტოო საკანს" შეადარა და აღნიშნა, რომ მას ღია ცის ქვეშ გასვლაზე, მზის შუქში ყოფნასა და გარეთ ვარჯიშზე წვდომა არ აქვს, რაც კომიტეტის თქმით, "არამხოლოდ შემავიწროებელია, არამედ ანტი-თერაპიულია". 

კომენტარები