რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის ვიზიტის დროს პრორუსმა ჰაკერებმა შვეიცარიულ ვებსაიტებზე კიბერთავდასხმა მოაწყვეს

www.komando.com

17 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიაში ვიზიტისას, შვეიცარიულ ვებსაიტებზე კიბერთავდასხმა მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერების ჯგუფმა, "NoName"-მა, აიღო და მიზეზად დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში ზელენსკის მონაწილეობა დაასახელა. 

შვეიცარიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის (NCSC) ინფორმაციით, კიბერთავდასხმა შვეიცარიის ფედერალური ადმინისტრაციის წინააღმდეგ ამავე ჯგუფმა მანამდეც, 2023 წლის ივნისში, მოაწყო. 

"თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კვლავაც ჰაკერების ჯგუფმა "NoName"-მა აიღო, რომელიც აქამდე ფედერალურ ადმინისტრაციას 2023 წლის ივნისში დაესხა თავს". - თქვა NCSC-მა. 

NCSC-ის თანახმად, კიბერთავდასხმა მალევე დააფიქსირეს და სპეციალისტებმა ვებსაიტებზე წვდომის მყისიერად აღდგენისთვის სათანადო ზომები მიიღეს.

"მსგავს თავდასხმას მოველოდებოდით და შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მოქმედებდა. DDoS თავდასხმები მიზნად ისახავს, ვებსაიტები ხელმიუწვდომელი გახადოს. მათ არ მოჰყვება რაიმე ინფორმაციის დანაკარგი ან კომპრომისირება". - თქვა NCSC-მა. 

DDoS (Distributed Denial-of-Service) თავდასხმების დროს თავდამსხმელი სამიზნე სერვერს ბევრ მოთხოვნას უგზავნის, რათა ინტერნეტ რესურსი გადატვირთოს და ხელმიუწვდომელი გახადოს. 

თავდასხმა შვეიცარიის ფედერალური დეპარტამენტების და რამდენიმე ადმინისტრაციის ვებსაიტს შეეხო, მაგრამ ფედერალური მთავრობის ონლაინ პორტალი ხელუხლებელი იყო. ფედერალური ადმინისტრაციის რამდენიმე ვებგვერდი მიუწვდომელი იყო, თუმცა ნაშუადღევის შემდეგ წვდომა ყველაფერზე აღდგა.

კიბერთავდასხმა ასევე  შვეიცარიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო რკინიგზის ოპერატორის, რეტის რკინიგზის (RhB), წინააღმდეგ იგეგმებოდა. ამის შესახებ კომპანია ფედერალურმა მთავრობამ წინასწარ გააფრთხილა. 

ზელენსკი შვეიცარიაში ვიზიტით 15 იანვარს ჩავიდა. 16 იანვარს ის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები