რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ომს განასახიერებს – ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოდის, 16 იანვარი, 2024
Ansa

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ზელენსკიმ დამსწრეები გააფრთხილა, რომ რუსეთის სამხედრო ამბიციები უკრაინით არ მთავრდება.

"ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ ეს (რედ. ომი) მხოლოდ ჩვენ (რედ. უკრაინელებს) გვეხება და მხოლოდ უკრაინაზეა, ფუნდამენტურად ცდება". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "პუტინი ომს განასახიერებს" და იგი არ შეიცვლება. მიმართვისას მან პუტინს "მტაცებელი" უწოდა და დამსწრეებს შეახსენა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთმა 2014 წელს ყირიმი არალეგალურად მიიერთა, რასაც, ზელენსკის თქმით, მსოფლიომ არასათანადოდ უპასუხა. ამგვარმა უმოქმედობამ კი რუსეთი წაახალისა, მომავალში უფრო მეტად ამბიციური სამხედრო ოპერაციები წამოეწყო.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ასევე ის დასავლელი მოკავშირეები გააკრიტიკა, რომლებიც უკრაინას აფრთხილებდნენ, რუსეთის წინააღმდეგ "ესკალაციური" ნაბიჯები არ გადაედგა. ზელენსკის თქმით, ყოველთვის, როცა უკრაინას ვითარების არ გამწვავებისკენ მოუწოდებდნენ, პუტინს ჩაესმოდა, როგორც "შენ გაიმარჯვებ".

"პუტინმა უნდა ინანოს. გვჭირდება, რომ მან წააგოს. საჭიროა, საბოლოოდ გავაქარწყლოთ ის მოსაზრება, რომ საერთაშორისო ერთიანობა უფრო სუსტია, ვიდრე ერთი კაცის სიძულვილი". - თქვა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

ზელენსკიმ მოკავშირეებს ყოველი მიღებული სანქციების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, დაამატა, რომ აუცილებელია სანქციების სწორად და ეფექტურად მუშაობა უზრუნველყონ, რათა რუსეთმა აღნიშნულ სანქციებზე გვერდის ავლა ვერ შეძლოს. ამასთანავე, ზელენსკიმ ქვეყნებს მოუწოდა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გადაამისამართონ.

დავოსში ზელენსკის გამოსვლამდე უკრაინულმა მხარემ წარადგინა მშვიდობის გეგმა, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, სრულად გავიდეს. ამასთანავე, უკრაინა რუსეთის მხრიდან რეპარაციების გადახდასა და ომის დანაშაულებისთვის პირების გასამართლებას მოითხოვს. რუსეთმა აღნიშნული გეგმა უკვე უარყო და სანაცვლოდ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, თუმცა, უკრაინული მხარის თქმით, მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას გადაჯგუფებისთვის და ხელახალი იერიშის დასაგეგმად გამოიყენებს.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის (რედ. პუტინი) არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც სხვადასხვა ომი და კონფლიქტი არსებობას განაგრძობს და ვის გამოც მშვიდობის აღდგენის მცდელობები მარცხით დამთავრდა, და ის (რედ. პუტინი) არ შეიცვლება". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები