საქართველო-ჩინეთი

პრემიერმა ერთიანი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა – ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს". 

"მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერმინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე. 

ელჩმა პრემიერმინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მეორე დღეა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. კობახიძის თქმით, "ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის".

27 ივლისს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა. 

27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.

კომენტარები