სახელმწიფო დროშის დღე

ზურაბიშვილი: ჩვენი ერთობის გარეშე, დროშა თავის ძალასა და დანიშნულებას კარგავს

საქართველოს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოსია - მისი სუვერენობისა და დამოუკიდებლობის. იმის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები ძალიან დიდი ხანი იბრძოდნენ. იღუპებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემი ყოფილიყო და ხვალინდელი დღის იმედს წარმოადგენდეს. დროშა ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა - ის, რაც საქართველო იყო და იქნება. ჩვენი დროშა ჩვენი ძალის გამოხატულებაა. ის ყველაფერს წარმოადგენს, რაც საქართველოს შეადგენს. მისი ღირებულებები, იდენტობა, მრწამსი, ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ამიტომ, ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა [...] ყველა ამაყი ვართ, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დროშაა და ხვალ ევროპული ქვეყნების დროშებს შეუერთდება, რომ ახალი, დიდი და ძლიერი ერთიანობა შეადგინოს. 

ჩვენი ერთობის გარეშე, დროშა თავის ძალასა და დანიშნულებას კარგავს. ამიტომ, ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმ ძალიან დიდ ძალას მივაღწიოთ, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია. მე მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. ეს დროშა თქვენ უნდა მიიტანოთ იქ, სადაც საქართველოს მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, შეგვიცვალოს და საქართველოს სხვა სურათი გაიტანოს. თქვენ დაიცავით ეს ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა სულ მუდმივი საქართველოს სიმბოლო იქნება და მას გამარჯვებას ვუსურვებ. 

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე.

კომენტარები