პოლონეთის ელჩი საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩემთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა – პოლონეთის ელჩი

საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკევიჩის თქმით, სტალინის მუზეუმის დახურვის სურვილის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მას "არაოფიციალური შენიშვნა" მისცეს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა ჩემთვის ადგილის მიჩენა, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი... მე ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. გესმით, კატინში, ასევე, დაიღუპნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ. ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება.

ეს არ არის რელიგიური გრძნობების ან ემოციების პრობლემა. ის რომ მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ... არა, ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა. ის უნდა მიიღო. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ ეს უნდა მიიღო, როგორც დიაგნოზი დაავადების დროს". - თქვა მაშკევიჩმა SOVA News-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტის შეკითხვას, დაიბარეს თუ არა ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე სასაუბროდ, მაშკევიჩმა უარით უპასუხა და განმარტა, რომ ეს არ იყო ოფიციალური დიალოგი.

"სიმართლე გითხრათ… დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ ეს იყო არაოფიციალური შენიშვნა. მე მაშინ ძალიან დელიკატურად, მაგრამ გავუშვი… ცხადია, მე, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია, სხვანაირად რეაგირება". - აღნიშნა მაშკევიჩმა.

2022 წელს მარიუშ მაშკევიჩმა თქვა, რომ გასაგები იყო, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და ქართველ მეგობრებს "სთხოვა", რომ ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გაეკეთებინათ და გორში სტალინის მუზეუმი დაეხურათ.

ცოტა ხნის წინ საქართველოში პოლონეთის საელჩომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტოს გამოაქვეყნა, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული და რეპრესიებს გაუსვა ხაზი. ხატი რამდენიმე თვეა, სამების ტაძარში ასვენია - ის ეკლესიას პატრიოტთა ალიანსმა შესწირა.

კომენტარები