რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ რუსეთს უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტების გამოყენებისთვის ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინელი სამხედრო რაკეტის ნარჩენებს ამოწმებს, 2024 წლის 2 იანვარი.
SERGEY BOBOK / AFP - Getty Images

აშშ-მ სამი რუსული კომპანიისა და ერთი ინდივიდის წინააღმდეგ დააწესა სანქციები უკრაინაში ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რაკეტების გამოყენებისთვის.

სანქციები შეეხო 224-ე საფრენ დანაყოფს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა, რომელიც საჰაერო ძალებისგან წარმოიშვა და ზედამხედველობს საჰაერო ტვირთების გადაზიდვას. კომპანიის თვითმფრინავები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების რუსეთში გადატანაში. სანქციები დაუწესდა კომპანიის გენერალურ დირექტორსაც - ვლადიმირ მიხეიჩიკს. შეზღუდვების სამიზნე კიდევ ორი კომპანიაა: ვლადიმიროვკის თანამედროვე იარაღისა და კვლევის კომპლექსი, რომელიც არის რაკეტების გამოცდაში ჩართული რუსული კომპანია და ასევე აშულუკის სასროლი პოლიგონი, სადაც რუსულ რაკეტებს ცდიან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას და მზად არიან გამოიყენონ ხელთ არსებული ყველა საშუალება ამ პროცესში ჩართული პირების დასადგენად.

"მომდევნო ნაბიჯების გადადგმას არ დავაყოვნებთ". – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ 30 დეკემბრისა და 2 იანვრის მასობრივი იერიშების დროს რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეაში ნაწარმოები რაკეტები გამოიყენა. იერიშებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-მ და პარტნიორმა სახელმწიფოებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა დაგმეს.

 

კომენტარები