ავტოსაგზაო შემთხვევა

ბოლნისში ავტოავარიის შედეგად არასრულწლოვანების დაღუპვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურა / Facebook

პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, "მერსედესის" და "ოპელის" მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ". - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლები გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები