ჩრდილოეთ კორეა-რუსეთი

აშშ-მ და 40-მდე პარტნიორმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემა დაგმეს

აშშ-მ და პარტნიორმა სახელმწიფოებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა დაგმეს. აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რომლებიც ოკუპანტებმა 30 დეკემბერსა და 2 იანვარს უკრაინის დაბომბვისას გამოიყენეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელა აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა, ავსტრალიამ, გერმანიამ, კანადამ და კიდევ 40-მდე პარტნიორმა სახელმწიფომ. 

"ღრმად შეწუხებულები ვართ უსაფრთხოებისთვის იმ შედეგებზე, რაც ამ ქმედებამ ევროპისთვის, კორეის ნახევარკუნძულისთვის, ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის შეიძლება გამოიწვიოს. უმკაცრესად ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ექსპორტს და რუსეთის მიერ ამ რაკეტების შეძენას და 30 დეკემბერსა და 2 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ მათ განოყენებას". – წერია განცხადებაში.

ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. აქამდე, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უარყოფდნენ, რომ მათ შორის რაიმე ტიპის გარიგება შედგა იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. 

კომენტარები