ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ისრაელის ხელმძღვანელობას შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთიდან ისრაელში გაემგზავრა, 8 იანვარი, 2024
Evelyn Hockstein/Pool/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 9 იანვარს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ეს 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან ბლინკენის ისრაელში რიგით მე-5 ვიზიტია.

თელ ავივში ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს, საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელ კაცს და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთს, სამხედრო კაბინეტის მინისტრ ბენი განცს, ისრაელის სადაზვერვო სააგენტოების უფროსებს, სამხედრო კაბინეტის სრულ შემადგენლობასა და ჰამასის მიერ ტყვედ აყვანილი პირების ოჯახებს შეხვდება.

ჰერცოგთან შეხვედრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა დაუღალავ ძალისხმევას დებს ჰამასის ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების საკითხში. მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ს რეგიონულ პარტნიორებთან შეხვედრის დეტალებს იგი ჰერცოგსა და ნეთანიაჰუს გააცნობს. ხოლო ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ისინი უკიდურესად გართულებული პირობების ფონზე ყველაფერს აკეთებენ, რათა განუზრახველი შედეგები და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი თავიდან აირიდონ.

გამოცემა Times of Israel-თან ისრაელის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჰერცოგთან შეხვედრისას ბლინკენმა ყურადღება რეგიონზე, ასევე არაბ და თურქ ლიდერებთან გამართულ საუბრებზე გაამახვილა. ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ისრაელის პრეზიდენტთან ჰამასის განადგურების შემდეგ ღაზის მომავალი განიხილა.

არაბ მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ, ბლინკენმა განაცხადა, რომ არაბულ სახელმწიფოებს სურთ ისრაელთან ინტეგრაცია. ამას გარდა, ბლინკენმა ისრაელის ლიდერებს აცნობა, რომ არაბი მეზობელი ქვეყნებისგან აღიარების მოპოვება ჯერ კიდევ შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენ განხორციელებად გზას გაკვალავს.

"ვფიქრობ, არსებობს რეალური შესაძლებლობები", თქვა ბლინკენმა ისრაელ კაცთან საუბრისას, "მაგრამ ამ ძალიან რთული სიტუაციიდან უნდა გავაღწიოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს მოხდება და ვიმუშაოთ განსხვავებული და ბევრად უკეთესი მომავლის შექმნისკენ".

კომენტარები