სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი საჯარო შეკრების დროს ყელის არეში დაჭრეს

დაჭრილი ლი ჯაე-მიუნგი
Reuters

სამხრეთ კორეაში, ქალაქ ბუსანში ოპოზიციის ლიდერი, ლი ჯაე მიუნგი კისრის არეში დაჭრეს. თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.

59 წლის ლი ოპოზიციურ დემოკრატიულ პარტიას უძღვება. დაჭრილი პოლიტიკოსი სასწრაფო დახმარების გასაწევად სეულში გადააფრინეს, მას შემდეგ, რაც ბუსანში პირველადი დახმარება ჩაუტარდა.  მისი პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ, მათი ლიდერი ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ რჩებოდა.

თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა ლი საკუთარი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებითა და სხვა ადამიანებით იყო გარშემორტყმული. თავდამხსმელმა მიახლოების დროს უთხრა, რომ მისი ავტოგრაფი სურდა, რის შემდეგაც მან პოლიტიკოსი კისრის არეში დაჭრა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები თავდამსხმელს გაეკიდნენ და სანამ მას პოლიცია დააკავებდა, თავად შეიპყრეს. 

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თავდამხსმელს ეკეთა ქაღალდის გვირგვინი, რომელზეც ეწერა: "მე ვარ ლი ჯაე მიუნგი". ის დაახლოებით 67 წლისაა. ბუსანის პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, თავდამხსმელმა დაკითხვაზე თქვა, რომ მან დანა ონლაინ მაღაზიაში შეიძინა. მისივე თქმით, პოლიცია თავდასხმის მოტივებს ადგენს.

ლის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა შემთხვევას "ტერორისტული თავდასხმა" უწოდეს და თქვეს, რომ ეს ქმნის სერიოზულ საფრთხეს დემოკრატიისთვის. პარტია პოლიციას სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

პოლიციისა და სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებმა თავდასხმიდან რამდენიმე საათში აღნიშნეს, რომ ლი გონზე მოვიდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული არაა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოტქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ძალადობის შემთხვევებს არ დაუშვებენ.

2022 წელს ლი საპრეზიდენტო არჩევნებში 0.7%-ით დამარცხდა. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, როდესაც 2027 წელს იუნს პრეზიდენტობის ვადა გაუვა, ყველაზე დიდი ალბათობით, მას ჩაანაცვლებს ან ლი, ან მისი მეტოქე კონსერვატიული პარტიიდან, ჰან დონგ ჰუნი, რომელიც ყოფილი იუსტიციის მინისტრია.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ ლი აქტიურად აკირიკებდა პრეზიდენტის პოლიტიკას. გასულ წელს მან 24-დღიანი შიმშილობაც კი გამოაცხადა, რათა გაეპროტესტებინა იუნის პოლიტიკა იაპონიის მიერ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან გადამუშავებული რაიდიოაქტიური წყლის გაშვების მიმართ, ასევე ქვეყნის პოსტპანდემიური ეკონომიკური კურსი და ხისტი პოლიტიკა.

ლის წინააღმდეგ აღძრულია საქმე კორუფციის ბრალდებით. საქმის მიხედვით, მან უკანონო ფავორიტიზმი გამოიჩინა კერძო ინვესტორის მიმართ ქალაქ სონამში, სადაც ის 2018 წლამდე მერი იყო. ლიბერალური პარტიის ლიდერი ბრალდებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ეს იუნის მთავრობის პოლიტიკური შურისძიება იყო.

გასულ სექტემბერში სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ უარყო ორდენი, რომელიც ბრალდებებთან დაკავშირებით ლის დაკავებას ითვალისწინებდა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო მოსმენა დაინიშნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებად პარლამენტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლისთვის იმუნიტეტი მოეხსნათ, რაც ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა მისი დაკავება. ამ ფაქტმა ხაზი გაუსვა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილება იყო.

მერობის გარდა, ლის ეკავა სეულის გარშემო მდებარე გიონგიდოს პროვინციის გუბერნატორის პოზიცია. პოლიტიკოსი ცნობილია პირდაპირი საუბრის მანერით. მას მხარდამჭერები აღიქვამენ ანტილეიტისტ გმირად, ვისაც ქვეყნის ძირეული პოლიტიკის ცვლილება, კორუფციის მოსპობა და მზარდი ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა შეუძლია. თუმცა მისი კრიტიკოსების აზრით, ლი არის პოპულისტი, რომელსაც განხეთქილებების გაღვივების იმედი აქვს და ცდილობს მისი კონსერვატიული მოწინააღმდეგეების დემონიზაციას.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სამხრეთ კორეაში პოლიტიკურ ფიგურას თავს დაესხნენ. 2022 წელს სონ იონ გილს, დემოკრატიული პარტიის მაშინდელ ლიდერს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს თავს ჩაქუჩით დაესხნენ. მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია. 2015 წელს ანტიმარეკულად განწყობილი აქტივისტი თავს დაესხა კორეაში აშშ-ს მაშინდელ ელჩს, მარკ ლიპერტს. დიპლომატს დარტყმა სახეში მიაყენეს. მას ჭრილობაზე 80 ნაკერი დაადეს. აქამდე, 2006 წელს კონსერვატიული ოპოზიციის მაშინდელ ლიდერს, პაკ კინ ჰეს თავს დაესხნენ საკანცელარიო დანით, როცა ის საარჩევნო კამპანიის მსვლელობას აწყობდა. მომავალში, 2012 წელს ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები