რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Українська правда: აფეთქებები ბელგოროდში რუსული ჰსთ-ს არაპროფესიონალური მუშაობის შედეგია

აფეთქების შედეგი ქალაქ ბელგოროდში

უკრაინული მედიის, Українська правда-ს წყარო სპეცსამსახურებიდან ირწმუნება, რომ ბელგოროდის ცენტრში მომხდარი აფეთქებები რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალურმა მუშაობამ გამოიწვია.

წყაროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, თუმცა რუსული ჰსთ-ს არაპროფესიონალური მუშაობის გამო ნამტვრევები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. რუსების ცნობით, აფეთქებების შემდეგ ქალაქში ხანძრის 10 კერა გაჩნდა და ისმოდა საჰაერო განგაში.

როგორც წყარო ამბობს, უკრაინის იერიში რუსეთის მიერ გასულ დღეს მიტანილი ფართომასშტაბური დარტყმების პასუხი იყო.

"გრძელდება თავდაცვის ძალების გაერთიანებული ღონისძიებები უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში სიკვდილის პასუხად. უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეიმუშავეს რიგი ღონისძიებები სამიზნეებზე, რომლებიც იყო სამხედრო ობიექტები. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელსაც ბელგოროდში ვხედავთ, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მოქმედებების, ასევე გათვლილი და დაგეგმილი პროვოკაციის შედეგი გახლავთ". – ამბობს უკრაინული მედიის წყარო.

რუსეთის გადაუდებელ საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქებებს ემსხვერპლა 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო 45 პირი დაიჭრა. შემდეგში რუსეთში განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

30 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში სოციალურ ქსელებში ბელგოროდის ცენტრიდან აფეთქებების კადრები გავრცელდა. აქამდე, გასულ ღამეს ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანა, როგორც თავად ქალაქ ბელგოროდზე, ისე რეგიონის სხვა დასახლებებზე. მისი მტკიცებით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი კაცი. როგორც გლადკოვი წერდა, იერიშის ფარგლებში გამოიყენეს არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. მისივე ცნობით, ობიექტების მოსაგერიებლად მოქმედებდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პარალელურად, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი ირწმუნებოდა, რომ გასული ღამის იერიშების შედეგად მის ოლქში ერთი ბავშვი დაიღუპა.

ამას გარდა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, მათ 4 სხვადასხვა ოლქში მოიგერიეს 32 უკრაინული დრონის თავდასხმა.

აქამდე, გასულ დღეს რუსეთმა უკრაინაზე ბოლო პერიოდში უდიდესი საჰაერო იერიშები მიიტანა, გამოიყენეს 100-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და დრონი, რის შედეგადაც, 39 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 14 მხოლოდ კიევში, რაც დედაქალაქში ომის ფარგლებში უდიდესი სამოქალაქო მსხვერპლია. 1-ელი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები