რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 200 რაკეტას გაუგზავნის

ბრიტანეთი უკრაინას 200-მდე საჰაერო თავდაცვის რაკეტას გაუგზავნის, რათა უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ინფრასტრუქტურის თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაფსმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა, რომ "პუტინი უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და დასავლეთის სიმტკიცის გამოცდას ცდილობს იმ იმედით, რომ დამარცხების მარწუხებიდან მშვიდობას ჩაებღაუჭება, მაგრამ ის ცდება".

"ახლა დროა, რომ დასავლეთი ერთად დადგეს და ძალისხმევა გააორმაგოს, რათა უკრაინამ ის მიიღოს, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება". - წერს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

დღეს, 29 დეკემბერს, უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა მორიგი მასობრივი იერიში მიიტანა, რასაც უკრაინის საჰაერო ძალებში ომის განმავლობაში რუსეთის მიერ მიტანილი უდიდესი იერიში უწოდეს.

"ამდენი სამიზნე ერთდროულად ჩვენს მონიტორებზე ჯერ არ გვინახავს". – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა, იური იგნატმა.

კომენტარები