ოკუპირებული აფხაზეთი

კარასინის მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკზე პროტესტი "გარედან" წაახალისეს

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის მეთაური, გრიგორი კარასინი ირწმუნება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის იჯარით გადაცემის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა "გარედან" არის წახალისებული.

"ხმაურს იწყებენ ე.წ. მეგობრები, მათთან არიან რაღაც ქვეყნები, რომლებიც ამით დაინტერესებული არიან... ცხადია, რომ არეულობა ხელოვნურად არის წაქეზებული გარედან". – თქვა კარასინმა. 

აქამდე, 27 დეკემბრის გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის რატიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. პარალელურად იმართებოდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ამ პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. ამავე დღეს მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.


2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვის საკუთრებაში გადაცემაზე. ხელშეკრულების რატიფიკაციის განხილვას ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადაფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი 1958-61 წლებში შენდებოდა, სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით.

 

კომენტარები