კანდიდატის სტატუსი

კალაძე სტატუსზე: არ გვინდა, ცალ ფეხზე ვიდგეთ, რისთვის იყო 9 აპრილი?

მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 2011 წლიდან ვარ ამ გუნდის წევრი, დაფუძნების პირველივე დღიდან, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, აი იმ დღიდან ვარ ამ გუნდის წევრი და უამრავი რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად, უამრავი სირთულეები იყო, უამრავი წარმატებები. ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს ქართულ ოცნებას, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

რა თქმა უნდა, ამას ხედავენ ისინიც. თავიანთ კვლევებში, რომელსაც ატარებენ და აქვეყნებენ თავიანთი ტელევიზიებით, იქაც ნათლად ჩანს, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას ერთად აღებულს, ერთად გადაზელილს არანაირი შანსი არა აქვს დღევანდელ მოცემულობაში ქართული ოცნების წინააღმდეგ. და რატომ? ხალხი ხედავს, ხალხი ჯერ კიდევ ხედავს იმას, რომ არსებობს საფრთხეები, იმის გათვალისწინებით რა ხდება რეგიონში, რა ხდება მსოფლიოში.

რა გვინდა ჩვენ? ძალიან მარტივი რამე - გვინდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ ქართველები ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი, თავისუფლება გვინდა, დემოკრატიული ქვეყანა გვინდა ავაშენოთ და არ გვინდა ეს დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ გვმართოს, ვიღაცამ რაღაცა მიგვითითოს, თავში წამოგვარტყას, კუთხეში დაგვაყენოს, ცალ ფეხზე ვიდგეთ. ვიღაცეებს გონიათ, რომ ეს ასე უნდა იყოს, ვიღაცეებს გონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რომ აი ცალ ფეხზე უნდა იდგეთ და რასაც გეტყვიან ყველაფერი უნდა შეასრულოთ. არ არის ეს სწორი, კაცო. რისთვის იბრძოლეს მაშინ ჩვენმა წინაპრებმა? რისთვის იყო ცხრა აპრილი? რისთვის დაიღვარა სისხლი? იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები, თავისუფლები.

რა თქმა უნდა, ამ რთულ გზაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმ სირთულეებისა, იმ გამოწვევებისა საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვაშენოთ.

უპასუხა კახა კალაძემ იმედის ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ისეთი მომენტი, როცა ფიქრობდა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა.

კომენტარები