რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხომალდი ნოვოჩერკასკის დაზიანება დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინელებმა მათი სადესანტო ხომალდო ნოვოჩერკასკი დააზიანეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ორი უკრაინული Су-24-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

"ამ ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საჰაერო მართვადი რაკეტებით მოტანილი თავდასხმის მოგერიების დროს, ფეოდოსიის ბაზირების პუნქტში დაზიანება მიიღო დიდმა სადესანტო ხომალდმა ნოვოჩეკასკიმ. ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ფარგლებში ჰსთ-ის საშუალებებით ჟოვტენის დასახლებულ პუნქტში გავანადგურეთ მოწინააღმდეგის ტაქტიკური ავიაციის ორი თვითმფრინავი Су-24, რომლებიდანაც საჰაერო მართვადი რაკეტები გაუშვეს". – ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ანექსირებული ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი აკსიონოვის მტკიცებით, თავდასხმის შედეგად მოკვდა ერთი ადამიანი, ორი კი დაიჭრა.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე მიტანილი იერიშის შედეგად ფეოდოსიის პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, შემდეგ კი უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმაც დაადასტურა.

ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც იერიშში მონაწილეობდა.

ფეოდოსიის პორტში პირველი აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი, რის შემდეგაც ისმოდა დეტონაციების ხმები.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი აფეთქება.

სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხომალდი დატვირთული იყო ირანული კამიკაძე დრონებით, რადგან პირველ აფეთქებებს მძლავრი დეტონაცია მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს უპილოტო საფრენი აპარატები ნოვოროსიისკის პორტიდან გადმოჰქონდათ. შესაძლოა გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა.

კომენტარები