თურქეთი

თურქეთში ახალი ამბების წამყვანი STARBUCKS-ის ჭიქის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

მელტემ გიუნაი
Tass

თურქეთში, სატელევიზიო არხ TGRT Harber-ის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა ახალი ამბების წამყვანი მელთემ გიუნაი, რომელიც პირდაპირ ეთერში Starbucks-ის ჭიქით გამოჩნდა.

"TGRT Harber-ის 24 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, მელთემ გიუნაის Starbucks-ის ჭიქა ედო მაგიდაზე. ჩვენი პრინციპების თანახმად მკაცრად ისჯება, რომელიმე სხვა კომპანიის ღიად თუ მალულად რეკლამირება. წამყვანი და რეჟისორი, რომელთაც დაარღვიეს ეს პრინციპი სამსახურიდან დათხოვილნი არიან". – წერს ტელეკომპანია სოციალურ ქსელში.

დასავლური მედიების ვარაუდით წამყვანის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩულიც აქვს. თურქეთში ცნობილი კაფეების ქსელი "პროისრაელურად" ითვლება. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ კომპანიის თურქეთში მომუშავე თანამშრომლების გაერთიანებამ პალესტინას სოლიდარობა გამოუცხადა. პასუხად Starbucks-მა გაერთიანებას რეპუტაციული ზიანისთვის უჩივლა და განაცხადა, რომ "არც ერთ მხარეს უჭერს მხარს და ეწინააღმდეგება ნებისმიერ ძალადობას".

მოგვიანებით TGRT Harber-მა დაწერა, რომ "მხარს უჭერს თურქი ხალხის სენსიტიურ შეხედულებებს ღაზის სექტორის შესახებ".

კომენტარები