ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰეზბოლაში ამბობენ, რომ ისრაელის მიმართულებით კატიუშას რაკეტები ისროლეს

ჰეზბოლას წევრი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემასთან, 2023 წლის 21 მაისი.
ANWAR AMRO/AFP via Getty Images

ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე, ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის პარალელურად, ვითარება მწვავდება. ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება ჰეზბოლაში, რომელიც ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს, აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით კატიუშას ტიპის რაკეტები ისროლეს.

რაკეტები მიმართული იყო ქირიათ შმონასა და ისრაელის ჩრდილოეთის სხვა დასახლებების მიმართულებით. თავდასხმამდე ისრაელის საჰაერო ძალებმა ჰეზბოლას ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. ტერორისტულ ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავების სამიზნე სოფლები და მშვიდობიანი მოქალაქეების სახლები იყო, რის პასუხადაც, მათივე თქმით, კატიუშას რაკეტები ისროლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) სარაკეტო იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ქირიათ შმონას მუნიციპალურ მმართველობაში ამბობენ, რომ თავდასხმის ფარგლებში, სულ მცირე, 8 რაკეტა ისროლეს და 2 მათგანი ქალაქში ჩამოვარდა, რასაც ინფრასტრუქტურის, სახლებისა და მანქანების დაზიანება მოჰყვა. არ გავრცელებულა ცნობა დაშავებულთა შესახებ. მათივე ინფორმაციით, 5 რაკეტა უვნებელყვეს, ერთიც კი ღია სივრცეში, მოშორებით ჩამოვარდა.

ოთხშაბათის, 20 დეკემბრის საღამოს ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ლიბანის საზღვრიდან 20 კილომეტრში, ბუსლაიას დასახლების მახლობლად მდებარე ტყიან ზონაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობდნენ, რომ მათ დაარტყეს ჰეზბოლას სამეთაურო პუნქტს, საზღვარზე მომხდარი შეტაკებების პასუხად.

ამას გარდა, 4 რაკეტა ისროლეს სირიიდან, გოლანის მაღლობისკენ. IDF-მა რაკეტების სროლის წერტილის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა და სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანა. ჰეზბოლას დანაყოფები სირიის ტერიტორიაზეც მდებარეობენ.

ლიბანის საზღვარზე შეტაკებები და ჰეზბოლას ობიექტებზე იერიშების მიტანა გასულ დღესაც გრძელდებოდა.

კომენტარები