ძალის გადამეტება

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

კადრი ვიდეოდან/TV პირველი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 19 დეკემბერს ქუთაისში შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს". - აღნიშნავს სამსახური განცხადებაში.

TV პირველის ინფორმაციით, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არასრულწლოვნებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-ს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი კონდახით სცემა, შემდეგ კი ბავშვები და მათი მამა დააკავა.

"ჩემი შვილები აფორთხიალეს მიწაზე, ფეხებით შეადგნენ. ამ ადგილას [ყბასთან] მუხლი აქვს დაჭერილი, ბავშვს ჩალურჯებული აქვს. თავში 5 კოპი აქვს და სასწრაფოს რომ ვკითხე რატომ არის ეს კოპები მეთქი, თვითონ ბავშვმაც იქვე თქვა საპატრულო პოლიციასთან, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავში მას იარაღის ტარი ხუთჯერ ჩაარტყა". - თქვა დაკავებულის დედამ.

კომენტარები