ძალის გადამეტება

პოლიციის განყოფილებიდან დაკავებული პირი გადმოხტა – SJC დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭიათურაში პოლიციის მხრიდან მოქალქე ს.ჭ-ის მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტებაზე ეხმაურება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, საქმეზე ყოველმხრივი, ეფექტიანი და დროული გამოძიება აწარმოოს.

"დაზარალებულის ოჯახი ახალგაზრდა კაცზე განხორციელებულ ძალადობას მისი გამოკითხვის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. მათი განცხადებით, პატრულის მანქანა ს.ჭ-ს შეეჯახა, რაზე გაბრაზებულმაც წამოდგომისას ავტომობილს ფეხი მიარტყა. სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა მისი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმა და განყოფილებაში გადაყვანა. ოჯახის წევრების განმარტებით, დაზარალებული საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების შენობის მეორე სართულიდან ვარდნის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებებით იმყოფება საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში". - წერია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, მნიშნელოვანია, რომ გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე სწორი და ზუსტი კვალიფიკაციით წარიმართოს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინტერესის ქვეშ მოექცეს არამხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობა, არამედ ძალის გადამეტების შესაძლო დანაშაული.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად და ეფექტიანად უნდა აწარმოოს გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე იმ ინტენსივობით, რაც საფრთხეს არ შეუქმნის დაზარალებულის და გამოძიების ინტერესებს;
  • პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს საპოლიციო ძალადობის და ძალის გადამეტების პრობლემები და პარლამენტმა უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეალური, ფუნქციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რათა ძალის გადამეტების შემთხვევები ეფექტიანად იყოს გამოძიებული;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები უწყებაში ძალის გადამეტების პრევენციის მიმართულებით.

კომენტარები