კანდიდატის სტატუსი

იმიტომ, რომ მიხარია - პრეზიდენტი "სახალხო ზეიმზე" მივიდა

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე "სახალხო ზეიმზე" პრეზიდენტი მივიდა. TV პირველის კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი, რატომ მივიდა, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - "იმიტომ, რომ მიხარია, ისე როგორც ყველა ქართველს უხარია, რომ ერთი დიდი ნაბიჯით ახლოს ვართ ევროპასთან".

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შეკრებილებისთვის მიმართვის საშუალება ექნება, პრეზიდენტი პასუხობს - "რავიცი, საზოგადოება აგერ არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია". სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება, ხალხის ხმა გაიგეს და მოისმინეს, ეს არის მთავარი".

კითხვაზე, "პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებასთან ერთად ქუჩაში ოპოზიციაც დგას, რა გზავნილია ეს?" - სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - "მშვენიერი... ეს არის ევროპა".

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ამის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხს მოუწოდა, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, "რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის".

კომენტარები