2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მეტოქე რესპუბლიკელ კანდიდატს ჭარბი წონის გამო დასცინის

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელ მეტოქეს კრის კრისტის ჭარბი წონის გამო დასცინა. მან სოციალურ ქსელ Instagram-ზე კრისტის სურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კრის კრისტი "თანამდებობისთვის, გონებრივად და ფიზიკურადაც, შეუსაბამოა".

"ჩვენ ძლიერი ხალხი გვჭირდება, რომლებიც არ იტანჯებიან მძიმე ტერმინალური მდგომარეობით - ტრამპით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობით". - წერს ტრამპი Instagram-ზე.

ბოლო გამოკითხვებით, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის დებატების შემდეგ კრის კრისტის რეიტინგი 2.8% იყო. მან კამპანიის განმავლობაში ტრამპს "ქვეყნისთვის საფრთხე" უწოდა და ხშირად აკრიტიკებდა მას.

გამოცემა Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული Ipsos-ის კვლევის შედეგების მიხედვით, დეკემბრის დასაწყისში რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატებიდან პირველ ადგილზე ტრამპი იყო 61%-იანი რეიტინგით. მას გაეროში აშშ-ს ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი 11-11%-ით მოჰყვებოდნენ, ხოლო ახალბედა პოლიტიკოსს ვივეკ რამასვამის 5%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

ამერიკაში პირველი კოკუსი 15 იანვარს აიოვას შტატში გაიმართება, სადაც რესპუბლიკელები შიდაპარტიული არჩევნებით გამარჯვებულს გამოავლენენ. ამის შემდეგ დამატებით რამდენიმე კოკუსი და პრაიმერი გაიმართება, რომლებზეც წარმატებული შედეგის დადებით, კანდიდატები შეეცდებიან პარტიის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვონ, რითაც გამოვლინდება, თუ ვინ გახდება 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი.

კომენტარები